მეფუტკრეობა საქართველოში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უძველესი და მაღალშემოსავლიანი დარგი იყო. შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო, როგორც ვენახის მოვლა.
1990 წელს გადავწყვიტე დამეწყო მეფუტკრეობა და მთელი ჩემი დანაზოგი ამ საქმეში ჩავდევი. ვიყიდე ფუტკრის 80 ოჯახი და ჩავაბარე მეფუტკრეს, რომელიც დარწმუნებილი იყო, რომ კარგად იცოდა ეს საქმე. ყველანაირად ხელს ვუწყობდი და მეგონა ავშენდებოდი, მაგრამ ზამთარში ნახევარი ფუტკარი გამიწყვიტა. ვისაც ჩავაბარე არ მოუარა ან არ იცოდა როგორ უნდა მოევლო. ჩადებული ფული სულ წყალში ჩამეყარა.
გადავწვიტე ჩემით შემესწავლა მეფუტკრეობა. ბაუმანში გვასწავლიდნენ აზროვნებას და წიგნთან მუშაობას. მთავარია იცოდე, სად რა წერია და საკუთარ თავზე შეგეძლოს მუშაობა. ასე მასწავლეს და მეც მოვკიდე ხელი სწავლას. 80 სკიდან 24 დამრჩა და სანამ ვსწავლობდი 12 ოჯახი კიდევ დამეღუპა. ეს იყო 1992 წელს. წიგნების კითხვით ცოტა ვისწავლე რადგანაც მათში ერთი და იგივე მეორდებოდა. ორჯერ ვიყავი მოსკოვში მეფუტკრეების ფორუმზე და ძირითადი აქცენტი გადავიტანე სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების შესწავლაზე. მეფუტკრეებთანაც დავდიოდი გამოცდილების მისაღებად და იმათ წვალებას რომ ვუყურებდი, კინაღამ თავი დავანებე ამ საქმეს. ერთხელ თაფლის ამოღებისას ფუტკარი ისე გადაერიათ, რომ სულ დაკბინა ყველა. ვიფიქრე, ამ საქმიდან არაფერი გამომივა-მეთქი, მაგრამ არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება და დავფიქრდი, როგორ გამეხადა რენტაბელური საფუტკრე. შემდეგ გავიცანი პროფესიონალი მეფუტკრე და შესანიშნავი ადამიანი თეიმურაზ ღოღობერიძე, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას და ფუტკრის მოვლის თანამედროვე მეთოდებს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ეხლა მეგობრებიც ვართ. ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას და სიახლეებს მეფუტკრეობაში